logo
ENG



კონფერენცია "დიდება უკრაინას" - რა შემთხვევაში იტყვის დასავლეთი, რომ ომში რუსეთი დამარცხდა

05 სექ 202213:08
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას" მიმდინარეობს. 

პანელზე, რომელშიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას და ამაზე დასავლეთის რეაქციას ეხება, ტაბულას დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა დასვა კითხვა, როდის, რა შემთხვევაში იტყვის დასავლეთი, რომ რუსეთი დამარცხებულია. 

პასუხად უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ ჰერბსტმა თქვა: 

"უკრაინის გამარჯვება ნიშნავს, რომ პუტინს არ გამოუვა უკრაინის დამორჩილება. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა ამ კონფლქტიდან და ბრძოლიდან გამოდის როგორც სახელმწიფო, რომელსაც აქვს სრული კონტროლი თავის ტერიტორიაზე, ჯარი, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის დაცვა. ასევე ვიტყოდი, მაგრამ ეს არ არის აბსოლუტურად არსებითი - აქვს უსაფრთხოების გარანტიები, სრულად იყენებს ტერიტორიულ წყლებს და შესაბამისად, არის ეკონომიკურად მომგებიანი. ეს არის გამარჯვება უკრაინისთვის და დამარცხება რუსეთისა და პუტინისთვის". - განაცხადა მან. 

საფრანგეთის პოლიტიკური კვლევისა და მოქმედების ცენტრის წარმომადგენლის, ნიკოლას თენზერს თქმით კი, უკრაინის გამარჯვება და რუსეთის დამარცხება ნიშნავს შემდეგს: 

"გამარჯვება ბევრ სხვადასხვა რამეს ნიშნავს. პირველ რიგში, უკრაინამ სრულად უნდა აღიდგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა. ეს ნიშნავს დონბასის და ყირიმის დაბრუნებას. მაგრამ მსოფლიოსთვის გამარჯვება ასევე ნიშნავს საქართველოს გამთლიანებას. მოლდოვას მთლიანობას, ბელარუსის გათავისუფლებას, სამართალს ომის დანაშაულებისთვის, ასევე, რუსი ხალხის მიერ სტალინის და პუტინის ჩადენილი დანაშაულების კოლექტიურად გაცნობიერებას". 

საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას" თბილისში 5-6 სექტემბერს გაიმართება. კონფერენციაში ევროპარლამენტარების ის ჯგუფიც მონაწილეობს, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს.


close დახურვა